Thursday, December 22, 2022


ახალი წელი


გადავწყვიტე ჯადოსნური წერილი დამეწერა, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის და ახალი წელი ჯადოსნურია. ვიფიქრე, მოდი დავწერ ისეთ სტატიას მშობლებს სასწაულების არსებობაზე რომ დააფიქრებს, სიხარულს მოჰგვრით, მერე ამ განწყობას შვილებს რომ გაუზიარებენ და მათ ოჯახში რაღაცნაირად ახალი წლის და შობის ის დიდებული სული დაისადგურებს, რომელსაც ყოველ წელს ველით და ხანდახან ისე ჩაგვიქროლებს ვერც კი ვამჩნევთ ხოლმე. ან ისე ვართ დაკავებულები საახალწლო ჭამა-სმაზე და საყიდლებზე ზრუნვით, რომ ეს დიდებული სული თავს დიდებულად სულ აღარ გრძნობს და სადღაც ოთახის, რომელიღაცა კუთხეში დასჯილი ბავშვივით მიიკუნჭება ხოლმე. საბოლოოდ ისე ჩაგვიქროლებს რომ, აუარებელი ბრჭყვიალა ნივთისგან და სასუსნავ-ტკბილეულისგან გამოფხიზლებულებს სევდა გვეუფლება, ნუთუ ასე უცებ დასრულდა, ის რასაც მთელ წელი ველოდით.🧡🌲

აი, ახლა რომ ვიხსენებ ჩემს ჯადოსნურ ახალ წელს, მოგონებებს ბავშვობაში გადავყევარ, იმ ცივ, უშუქო და უსახსრო ოთხმოცდაათიანებში.

ჩემი ბავშვობის ზამთარი თოვლიანი იყო

ახალი წელი

ჩემი ბავშვობის ზამთარი თოვლიანი იყო, უზარმზარი ფანტელებით და ყინულის ლოლოებით სავსე. დღეები იყო თეთრი და მხიარული. უზარმზარ ეზოში, სადაც მუხლამდე თოვლი იდო, მე და ჩემი და დილიდანვე ვიწყებდით საქმეს: თოვლის კაცის შენებას – რომელსაც ცივ, გაყინულ მიწაში ჩარჩენილ სტაფილოებს ვუკეთებდით ცხვირად, თვალებად კი შემოდგომიდან მორჩენილი ნახშირის ნატეხებს. შემდეგ ვიწყებდით დამტვრეული ყინულებით თამაშს, რომლებიც თითქოს უმარავი მბზინვარე ალმასი იყო, ახლაც მახსოვს, ის სიცივე და სისველე ხელის გულზე – ყინულისგან რომ ვგრძნობდი.

ბებიას მოქსოვილი ხელთათმანები.

ბებიას მოქსოვილი ხელთათმანები გვეცვა, რომლის თითოეული სათითური მოქარგული და პერსონაჟებად ქცეული იყო, ბერა თითი: მსუქანი ლოყებწითელა ბიჭუნა, საჩვენებლი – ყვითელი ძაფისგან დანწულ ნაწნავებიანი, ცისფერთვალება გოგო, ნეკა – პატარა, თოთო ბავშვი, თოვლის მოსვლის სიხარულს ამ საოცარი ხელთათამანების ჩაცმის სიხარულიც შეერწყმებოდა ხოლმე.

საღამოობით უკვე ციგაობა იწყებოდა


საღამოობით უკვე ციგაობა იწყებოდა გარეთ უბანში, ამას მოსდევდა გუნდაობა, სრიალი… შებინდებისას დაღლილ-დაქანცულები ღუმელთან რომ ვთბებოდით, თან პიტნის ჩაის მივირთმევდით – ვიყავით უზომოდ ბედნიერები და ცხადად ვგრძნობდი, რომ სადღაც ჩვენს შორის ახალი წლის ის დიდებული სულიც მიირთმევდა ჩაის, წერილის დასაწყისში რომ ვახსენე.

No comments:

Post a Comment

ახალი წელი გადავწყვიტე ჯადოსნური წერილი დამეწერა, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის და ახალი წელი ჯადოსნურია. ვიფიქრე, მოდი დავწერ ისეთ სტატიას მ...